* * * სიახლე დღეთა ესევითარი...
სიახლე დღეთა ესევითარი,
საქართველოში მკვიდრი ვით არი,
რა ბედნიერი და რა მდიდარი
გვექნება წელი - თქვენ ნახავთ, ნახავთ!
დადგება დარი,
რჩეულებს მიზნად რომ დაუსახავთ!
მოვნახოთ ძმები, მოვნახოთ დები.
გავფრინდეთ! ჩვენ ხომ გვასხია ფრთები,
გადავიაროთ ზღვები და მთები.
გადავარღვიოთ სივრცე, დროება.
ნუ დაფიქრდები:
ვერას დაგვაკლებს ამაოება!
არასდროს, ძმებო, არ ევარგება -
დროსთვის საკადრის პასუხთ არ-გება,
წუთი ამაოდ ნუ იქარგება -
უმოქმედობა-მძინარებაში:
არ იკარგება
წუთიც კი ჟამთა მდინარებაში!
ვაჟკაცს თუ გული აქვს, მთმენი ჭირის,
სამშობლოსათვის დღე-განაწირის,
დაკარგვას ქვეყნად ნურავინ სტირის:
რჩება სახელი, რჩება დიდება,
და მზე იმ გმირის
სამარიდანაც ამობრწყინდება!
1947 [იანვარი]