ქუჩიშვილი გიორგი - გალაკტიონს -1
კოხტა თაიგულივით შეკრულ გურიის მთათა და მკვიდრთა სალამი ჩემს გალაკტიონს, რომელმაც უმშვენიერესი ლექსი უძღვნა თავისი ჭაბუკობის დროს.
შენი თქმისა არ იყოს, მართლა კუნძულზე დასახლებული ყოფილხარ და არა საგურამოში, ვინაიდან შენმიერ ივლისის 29-ში გამოგზავნილი წერილი მხოლოდ აგვისტოს 10-ში მივიღე, რამაც, რაღა თქმა უნდა, ერთობ გამახარა.
როცა აღარ ვიქნები ამ საწუთროში და ვინმე დაინტერესებული წააწყდება ამ შენს ერთადერთ წერილს, ალბათ, გაოცდება და იტყვის: ნუ თუ ამ გულითად მეგობრებს 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიუმართნიათ წერილობით ურთიერთობისათვისო. მართალიც იქნება იგი: ამდენი ხნის განმავლობაში იმდენი მიწერ-მოწერა უნდა დაგროვილიყო, რომ ერთტომეული მაინც შემდგარიყო, მაგრამ რატომღაც თითო წერილი გვრჩება. ესეც კარგია...
გალაკტიონ, ისე მოხდენილად ამიწერ საგურამოს და თქვენს ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ცხოვრებას, რომ შემეხარბა, თუმცა ბუნების სიდიადით, არა მგონია, აქაურობას აჯობოს. მაღალ მთის კენწეროზეა წამოსკუპებული ჩვენი ოდა. ძირს, ხეობაში სასიამოვნოდ მიხმაურობს კალმახებით განთქმული ანკარა სუფსა. დილდილობით სერებზე ზლაზვნით მიმავალი გაცრეცილი ნისლები ვაჟა-ფშაველას სულს მომაგონებენ... საღამოობით ისეთი სიწითლით ლაპლაპებს ეს ტყეთა სამეფო, გეგონება, ჩამავალი მზე კი არა, ხანძარი მოსდებია და საცაა დაინთქება მის უზარმაზარ ალმურშიო.
რას ვსაქმიანობ? ირაოსავით დავხეტიალობ ტყე-ღრეში და ვეზიდები ხმელ შეშას, ეკალას და სოკოს...
ჩვენი კავშირის კრებულის ლექსებისათვის ჯერ არ მომიცლია.. მოესწრობა...
აბა, შენ იცი, ჩემო გალაკტიონ, როგორ ნაყოფიერადაც დაგვიბრუნდები შემოდგომაზე.
გულწრფელი მადლობა და მოკითხვა ყველას! მოგიკითხა პატივისცემით ვასასიმ.
მარად შენი გ. ქუჩიშვილი
12 აგვისტო, 1940 წ., გურია, დიდი-ვანი