დღიური-661-7 - 3 ივლისი, 1954 წელი
გალაკტიონ ტაბიძე - საქართველოს სახალხო პოეტი.
სიტყვა წარმოთქმული მთავრობის სასახლეში
3 ივლისს, 1954 წ. საქართველოს საბჭოთა მწერლობის IV პლენუმზე
ამხანაგებო!
მე მინდა, გესაუბროთ იმ ძალზე დავიწყებულ საგანზე, რომელსაც სახელად ჰქვია ლიტერატურული სინდისი. ამ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, თქვენ კარგად იცით, რომ ჩემმიერ დაწერილია არა ასი, არა ორასი, არა ათასი, არამედ შვიდი ათასი ლექსი და პოემა. ჩემმიერ სიყრმითვე არჩეული გზა თავიდანვე მხარდაჭერას პოულობდა ისეთი ტიტანების მხრით, როგორნიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მთელი ძველი გვარდია, მათი სახით, ჩემს მხარეზე დადგა შემდეგში. ამ ოცი წლის წინად მე მომენიჭა საამაყო სახელწოდება საქართველოს სახალხო პოეტისა. მე მამხნევებდა და მამხნევებს [ტრადიციული] ლიტერატურული სინდისის ასეთი მკაფიო გამოვლინება.
სუფთა სინდისი სისპეტაკე
და სიმკვეთრეა.
სინიდისისთვის ცა ლურჯია,
თოვლი თეთრია.
უხსენებლობას სურდა, ბნელში
რომ ჩაეთრია
ყველა მებრძოლნი, რომელნიც კი
ჩვენ შეგვხვედრია:
ძმებო მწერლებო! მრავალ-ათას
კილომეტრიან
გზით მშენებელნი ჩვენ სიმღერებს
გულწრფელს გვვედრიან.
როს მივაწოდებთ - ეს ახარებსთ
და არ გვყვედრიან,
ის მკითხველები, რომლებიც კი
ჩვენ შეგვხვედრია!
გავხედავ ხშირად ჩვენს ცხოვრებას
ლიტერატურულს,
ვინ არა ხედავს ამ შეცდომებს
და გზას გამურულს?
გარს ჭაობისას აყენებენ
ბურუსს და ბურულს
ხელის შემშლელნი! ისინი სად
არ შეგვხვედრიან.
შეხედეთ: აი, შვიდი ტომი,
ჩემი ტომები!
რაოდენ გრძნობით, სიყვარულით,
რა მონდომებით
იტაცებდენ მათ ბრძოლებით და
დიდი ომებით
პატრიოტები, რომლებიც კი
მე შემხვედრია!
წინ-წინ მიიწევს უწმინდესი
შემოქმედება.
არსებობს ხალხის მხარდაჭერა,
თავგამოდება!
იგი გვამხნევებს. ის გზას აქცევს
დაფნის ტოტებად,
ეს მხარდაჭერა, აბა, მე სად
არ შემხვედრია.
ძმებო მწერლებო! მრავალ-ათას
კილომეტრიან
გზით მშენებელნი თუ სიმღერას
გულწრფელს გვვედრიან,
მივხედოთ სინდისს! ძირს ყოველი
უხსენებლობა!
გზა სუფთა სინდისს! ძირს სიბნელე,
რაც შეგვხვედრია!
1954, 3 ივლისი