დღიური-660-7 - 1935 წელი
ნეიტრალობის წინააღმდეგ
I. პირველი სახელმწიფო სათათბიროს წევრი - ივანე გომართელი, 1906 წელს, სათათბიროს ტრიბუნიდან აცხადებს: „ჩვენი სახელოვანი [არმია] ჯარი იღვიძებს... და იგი იპოვის თავისთავში საკმარის ძალასა და ენერგიას, რათა მოირეცხოს სისხლი თავისი ძმების...“ [ერთის შეხედვით, ეს] თქვენ იფიქრებთ, რა დიდებული რევოლიუციონური გამოსვლაა (ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ხდება 1906 წელს, 26 (13) ივნისს, სახელმწიფო სათათბროს მე-26 სხდომაზე) სახელმწიფო სათათბიროს წევრი საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი სახელოვანი ჯარი იღვიძებს, იგი მალე მოიკრებს ძალას და ენერგიას, რათა რევოლიუციონურ მუშებთან ერთად ძირს დასცეს საზიზღარი თვითმპყრობელობა, დააფუძნოს პროლეტარიატის დიქტატურა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი არ ახარებს ფედოროვსკის „დემოკრატიული რეფორმების“ პარტიის წევრს, იგი გააფთრებული ესხმის თავს გომართელს. იგი უპასუხებს მას, რომ „პოლიტიკის საკითხებში არმია არ უნდა ერეოდეს“. ფედოროვსკის შემდეგ ისევ გამოვიდა გომართელი პირად საკითხზე და განაცხადა: „ჩემმა ოპონენტმა სთქვა, რომ ჯარი არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკას, და მეც ჩემს სიტყვაში მინდოდა მეთქვა, რომ ჯარი არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკას“. და ამ სიტყვებით უკვე დაიმსხვრა ილიუზია „ჩვენი სახელოვანი ჯარის გაღვიძებისა და მისი ძალისა და ენერგიის მოკრების“ შესახებ! ამ გამოსვლის შესახებ ლენინი სწერდა: „... შეცდომა იყო ამხ. გომართელის სიტყვა ფარისეველი ფედოროვსკის პასუხად, როდესაც სოციალ-დემოკრატმა აღიარა არმიის პოლიტიკაში ჩაბმის არა-სასურველობა. ეს ძალიან დიდი, მაგრამ ჯერ კიდევ გამოსასწორებელი შეცდომაა (იხ. ლენინი, ტომი IX, გვ. 355).
მე არ ვიცი, გამოასწორა თუ არა შემდეგში ივ. გომართელმა ეს „ძალიან დიდი შეცდომა“, მაგრამ უკანასკნელ ხანებში ხშირი იყო ტენდენცია, არა მარტო ჯარის, თვით პოეზიისაც კი პოლიტიკის საკითხებში ჩაურევლობის შესახებ (გაიხსენეთ საწარმოო დისკუსიები ხელოვნების სასახლეში).
ძველი არის ეს ამბავი, მაგრამ მუდამ ახალია! (ეს თითქმის ოცდაათი წლის [წინანდელი] წინად მომხდარი ამბავია. ღრმად პატივცემული ივანე პირადათ თვითონ ეხლა არ გაიმეორებს თავის სიტყვებს).
[დღეს ჩემთან იყო გრებენშჩიკოვი (წაიღო სურათო და ინფორმაცია)].
იდეა ასეთნაირი ნეიტრალობისა, ჭეშმარიტად, ძველი 1906 წ. სათათბიროს ტრიბუნაზე მდგომი ორატორის მოლანდებაა. ეს მოლანდება თითქო განგებ ამოვიდა საფლავიდან, რომ კიდევ რამოდენიმე "სურათი" დახატოს. ეს იდეა ის მხატვარია, რომელმაც თავისი თავი თვითონ გამოიძახა საფლავიდან მასთან დამარხულ და მასში გაგრძელებულ სიცოცხლის სიტყვის ძალით. იბეჭდებიან ეხლაც ისეთი წიგნები, რომელთაც უნდა ვუცქიროთ არა თანამედროვე, არამედ 1906 წელს, 26 (13) ივნისს, სახელმწიფო სათათბიროს მეოცდაექვსე სხდომაზე მყოფი [კაცის] დეპუტატის თვალით. ჯარის შესახებ კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელია: წითელმა არმიამ იცის, ვისთვისა და რისთვის იბრძვის.