დღიური-660-1 - 1935 წელი
რევოლუციურ მწერალთა ამ საერთაშორისო კონგრესზე მე გამოვდივარ, როგორც საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ლიტერატურის წარმომადგენელი.
საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მის ლიტერატურას თხუთმეტი საუკუნის ისტორია აქვს. ქართულმა ლიტერატურამ ამ თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. იგი თამამად შეგვიძლია დიდ ლიტერატურათა ოჯახს მივაკუთვნოთ. ძველი ქართული ლიტერატურა თავისი მნიშვნელობით და დიაპაზონით არ ჩამოუვარდება ქრისტიანულ საშუალო საუკუნეთა ეპოქის არც ერთ ლიტერატურას.
ძველი ქართული ლიტერატურის ყველაზედ უფრო უდიდესი ძეგლი შოთა რუსთაველის გენიალური პოემა „ვეფხის ტყაოსანია“ (მე-12 საუკუნე), რომელშიც ქართულმა პოეტურმა კულტურამ თავის განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ამ უდიდეს ქმნილებაში პოემის მდიდარი შინაარსი განსახიერებულია მაღალ მხატვრულ ფორმაში, ჯერ კიდევ თავის ოსტატობით დაუძლეველი ქართულ პოეზიაში.
შემდგომ ეპოქებში (მე-17-18 საუკ.) ქართული ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენლებია მწერლები: საბა სულხან ორბელიანი, დ. გურამიშვილი და ბესიკი. საბა სულხან ორბელიანმა უკვდავყო თავისი სახელი ქართულ ლიტერატურაში იგავების კრებულით „სიბრძნე სიცრუისა“. ეს ნაწარმოები ქართულ პოეზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლთაგანია.
მე-18 საუკ. დამლევისა და მე-19 საუკ. პირველ პერიოდის დასაწყისის ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებით მჟღავნდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთგავლენა.
ამ ეპოქამ წარმოშვა გამოჩენილი პოეტების ბრწყინვალე პლეადა: ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა.
დასავლეთის რომანტიზმმა, და პესიმიზმის მოტივებმა ფართო გამოძახილი ჰპოვა მათ შემოქმედებაში. მაგრამ დასავლეთ ევროპის ლიტერატურის იდეები და მათი გავლენა თავისებურად ასახულია ამ პოეტების შემოქმედებაში. მე-19 საუკუნის პოეზიის ყველაზე უფრო გამოჩენილი წარმომადგენელია გენიალური პოეტი - ნიკოლოზ ბარათაშვილი.
მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე იწყება საქართველოს ისტორიაში ახალი ერა.
საქართველო სისხლიდან დაცლილი განუწყვეტელი ომებისაგან, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ობიექტად გადაიქცა.
რუსეთის თვითმპყრობელობა ახშობდა ქართულ კულტურას, ქართულ ენას, ყოველმხრივ აფერხებდა ლიტერატურის და ხელოვნების განვითარებას. ქართველმა ხალხმა მიუხედავათ ამ ბარბაროსულ პირობებისა, მაინც შესძლო შეექმნა უაღრესად მდიდარი ლიტერატურა, რომელიც ასახავდა ყველა დიდ ძვრებს ხალხთა ისტორიაში, ითვისებდა დასავლეთ-ევროპის და რუსეთის ლიტერატურის მიღწევებს, არ კარგავდა თავის ლიტერატურულ სახეს, ტრადიციებს და მედგრად იდგა ორი მსოფლიოს - დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიჯნაზე.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თანდათანობით ირღვევა ძველი ფეოდალური ურთიერთობანი. სავაჭრო კაპიტალი ძირს უთხრის საფუძველს, გზას უკაფავს ახალ ეკონომიკურ ურთიერთობას. უკვე ზრდის პროცესში მყოფ ბურჟუაზიას ლიტერატურაში შეაქვს თავისი მოტივები.
მესამოციანე წლების მწერალთა მთელი შემოქმედება ნაციონალურ რომანტიზმის მოტივებითაა გამსჭვალული.
ყველაზე უფრო ღრმად ნაციონალური რომანტიზმი გამოჩენილმა მწერლებმა - ი. ჭავჭავაძემ და აკ. წერეთელმა გამოხატა. ი. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი იბრძოდა ხალხის განთავისუფლების ჰუმანურ იდეებისათვის, ახალი ენის დამკვიდრებისათვის, უდიდესი მხატვრული სიძლიერით გვისურათხატებდენ გადაგვარების გზაზე დამდგარ თავადაზნაურობის ცხოვრებას.
ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი გენიალური პოეტის - ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას უჭირავს. ვაჟა-ფშაველა - ქართველი მთიული - თავის წარმოშობით, განსაკუთრებულის სიძლიერით გადმოგვცემს თავის ნაწარმოებებში გვაროვნულ ყოფას თავისი პატრიარქალური თემური წესებით. იგი თავისებური პანთეისტია.
გასული საუკუნის მეოთხმოცდაათე წლებში ქართულ ლიტერატურაში ახალი პერიოდი იწყება. ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება, დაღუპვის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობა, გაღატაკებული გლეხობა, მეოთხმოცდაათე წლების საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი მომენტებია. ამ პერიოდთან დაკავშირებულია გამოჩენილი ქართველი ბელეტრისტის ე. ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა. ე. ნინოშვილმა თავის ნაწარმოებებში მძლავრი მხატვრული საღებავებით დაგვიხატა იმდროინდელი ღარიბი გლეხობის ჭირ-ვარამი.
საქართველოში მენშევიკების დიქტატურის ეპოქა (1917-1921 წწ.), ეს არის დასავლეთ ევროპის იმპერიალისტებისა და ნაციონალური ბურჟუაზიის ბატონობის ეპოქა.
მხატვრული შემოქმედების დაკნინება აუცილებლად იყო განპირობებული მენშევიკური "დემოკრატიის" სოციალ-პოლიტიკური და იდეური დონით. ჩვენი ქვეყნის სულიერი შემოქმედების ყოველ დარგში მენშევიკები ნერგავდენ ნაციონალიზმსა და შოვინიზმს, ფეოდალური წარსულის რომანტიკას, ყოველგვარ პროგრესიულ და რევოლუციურ აზრისადმი მტრულ დამოკიდებულებას. შემთხვევითი არ არის, რომ მენშევიკური დიქტატურის პერიოდმა ქართულ ლიტერატურაში არ წამოსწია არც ერთი სახელი.
საქართველოში მენშევიკური ბატონობის პერიოდი ქართული კულტურის ისტორიაში შევა როგორც ქართული კულტურისა და ლიტერატურის განსაკუთრებული დაცემისა და დაკნინების პერიოდი.
ქართული კულტურის აღორძინება, კერძოდ ლიტერატურის, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან იწყება.
მხოლოდ პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებამ საქართველოში უდიდესი შესაძლებლობანი მისცა მშრომელ ხალხს თავისუფლად გამოემჟღავნებია თავისი შემოქმედებითი ენერგია, მიეღწია გრანდიოზული წარმატებებისათვის ჩვენი ქვეყნის სამეურნეო და კულტურულ ცხოვრების ყოველ დარგში.
საბჭოთა ხელისუფლების არსებობის, სოციალისტური მშენებლობის თოთხმეტმა წელმა სახე შეუცვალა ჩვენს ქვეყანას. საქართველო, მეფის ჩამორჩენილ ნახევარ კოლონიადან ინდუსტრიალურ-აგრარულ, მოწინავე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის რესპუბლიკად გადააქცია. ქვეყანა, რომელსაც არავითარი მრეწველობა არ გააჩნდა, დაიფარა ინდუსტრიალურ გიგანტების ქსელით (ზაჰესი, რიონჰესი, ფერომშენი და სხვ.). პრიმიტიულ პატრიარქალურ მიწათმოქმედების ნაცვლად შეიქმნა კოლექტივიზაციის საფუძველზე მოწინავე სოფლის მეურნეობა, შეიარაღებული სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, აგროტექნიკით. ახალ სამრეწველო რაიონებში შეიქმნა კვალიფიციურ მუშათა, ტექნიკური ინტელიგენციის კადრები.
ამიერ კავკასიაში თვითმპყრობელობისა და მენშევიკების, მუსავატელების და დაშნაკების ბატონობის დროს მძვინვარებდა ნაციონალიზმი და შოვინიზმი. დასავლეთ იმპერიალისტების ეს დამქაშები - მენშევიკები, მუსავატელები და დაშნაკები ხელოვნურად აღვივებდენ ამიერ კავკასიის ხალხთა შორის ნაციონალურ შუღლს და იწვევდენ სისხლის ღვრას.
მაგრამ ამიერ კავკასიის მშრომელებმა გაანადგურეს ნაციონალიზმი და შოვინიზმი და ამიერკავკასიის ფედერაციის სახით შექმნეს ნაციონალური მშვიდობიანობის ისეთი ინსტრუმენტი, ამიერ კავკასიის ხალხთა შორის ძმური თანამშრომლობის ისეთი ფორმა, რომელმაც უზრუნველყო სწრაფი სამეურნეო და კულტურული განვითარება.
სამეურნეო მშენებლობის წარმატებებს თან სდევს უდიდესი მიღწევები ნაციონალური ფორმისა და სოციალისტური შინაარსის კულტურისათვის ბრძოლაში. ჩვენი ქვეყანა ქალაქად და სოფლად დაიფარა სკოლებისა და კულტურულ დაწესებულებათა ქსელით, შეიქმნა რამდენიმე ათეული უმაღლესი სასწავლებელი. სწრაფად ვითარდება ხელოვნება, თეატრი, კინო, მუსიკა და მხატვრობა, ტარდება უდიდესი მუშაობა წარსულ ეპოქათა [კულტურის ყოველგვარ დარგში უმდიდრესი კლასიკური] კულტურული მემკვიდრეობის კრიტიკული ათვისებისათვის.
ეს უდიდესი მიღწევები ახალი სოციალისტური ცხოვრების შენების საქმეში მოპოებულია ლენინურ პარტიის ხელმძღვანელობით, მთელი მსოფლიოს ხალხთა დიდი ბელადის - სტალინის ხელმძღვანელობით.
ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება განსაკუთრებით მძაფრად მხატვრული კულტურისა და კერძოდ ლიტერატურის დარგში გამოიხატა. ამ თოთხმეტი წლის მანძილზე შეიქმნა მხატვრული სიტყვის ოსტატთა მთელი თაობა.
სოციალისტური მშენებლობის გამარჯვებათა საფუძველზე, ლენინურ-სტალინური ნაციონალური პოლიტიკის წარმატებით გატარებისა და კულტურული რევოლუციის სწრაფი გაშლის გამო, რევოლუციის წინადროინდელი ინტელიგენციის ყველა საუკეთესო ძალები გადავიდენ პროლეტარიატის მხარეზე, მძლავრი მხატვრული სიტყვით აქტიურად მონაწილეობენ სოციალისტურ მშენებლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში მშრომელთა წრიდან წამოიწია ახალ მწერალთა მთელი პლეადა, რომლებიც ნაყოფიერად მუშაობენ მხატვრული შემოქმედების დარგში.
დავასახელებ ისეთ მწერლებს, როგორიც არიან: მ. ჯავახიშვილი, კ. ლორთქიფანიძე, ს. ჩიქოვანი, ნ. მიწიშვილი, ს. ეული, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ა. მაშაშვილი, ლ. ქიაჩელი, შ. დადიანი, დ. შენგელაია, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ს. შანშიაშვილი და სხვ., რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ახალი ცხოვრების შენების დიად პროცესებს ასახავენ.
ქართული ლიტერატურის განვითარების ახალი ეტაპი ხასიათდება მდიდარი თემატიკით, ჟანრთა სხვადასხვაობით და მხატვრული შემოქმედების ფორმათა სიმდიდრით. ბრძოლა საკოლმეურნეო მშენებლობისათვის, სოციალისტური ინდუსტრიის ზრდა, ახალი სოციალისტური ყოფა, პროლეტარიატისა და მთელი გლეხობის გმირული წარსული, აი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის [ინტერნაციონალური] იდეურ-თემატური შინაარსის მთავარი მომენტები. ქართული ლიტერატურის ძირითადი პრობლემა - ახალი ადამიანის ჩვენებაა.
ქართული საბჭოთა ლიტერატურის მიღწევები კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების მეოხებით მთელი საბჭოთა საზოგადოებრივობის მონაპოვარი გახდა. მან დაიკავა ერთ-ერთი პირველი ადგილთაგანი საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურას შორის. ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურასთან ერთად გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე.
საბჭოთა ლიტერატურა, რომელიც იბრძვის ადამიანზე ადამიანის ბატონობის წინააღმდეგ, დამონებისა და ექსპლოატაციის ყველა ფორმების, ძველი სამყაროს ყველა ნაშთების წინააღმდეგ, გადაიქცა უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო მოვლენად. ჩვენმა დღევანდელმა კრებამ კიდევ უფრო უნდა შეამჭიდროვოს ის ძალები, რომლებიც იბრძვიან სიციალიზმის გამარჯვებისათვის მთელს მსოფლიოში, კაცობრიობის საუკეთესო მომავლისათვის.
თქვენ იცით, რომ საბჭოთა ლიტერატურის მთავარი შთამაგონებელი ძალა ეს არის სიყვარული ჩვენი დიადი სამშობლოსადმი, ჩვენი ქვეყნის მშრომელთა გმირული ბრძოლა სოციალისტური საზოგადოების შენებისათვის.
ჩვენი კულტურა, ჩვენი ლიტერატურა ყოველივე საუკეთესოს კრიტიკულად ითვისებს კულტურის იმ საგანძურიდან, რომელიც შეუქმნია ადამიანის აზრს საუკუნეთა განმავლობაში. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თქვენთან კავშირი, სიტყვის ოსტატთა იმ სახელოვან არმიასთან, რომელთაც თქვენ შეადგენთ, დასავლეთ-ევროპის რევოლუციური ლიტერატურის მოწინავენო, თქვენ მიუხედავათ დევნისა და რეპრესიებისა, მჭიდროდ დაუკავშირდით მთელი თქვენი ცხოვრებითა და შემოქმედებით რევოლუციურ მოძრაობას და უშიშრად ჩადექით მთელი მსოფლიოს მშრომელთა დიად სამშობლოსათვის - საბჭოთა კავშირისათვის თავდადებულ მებრძოლთა რიგებში.
ხუთწლედის უდიდესმა მიღწევებმა და კაპიტალიზმის მსოფლიო კრიზისმა გამოიწვია დასავლეთისა და აღმოსავლეთის საუკეთესო მწერალთა ჩვენსკენ შემობრუნება. ჩვენ ვიცნობთ საბჭოთა კავშირის გამოჩენილ მეგობარ მწერლებს: რომენ როლანს, ა. ბარბიუსს, ანდრე ჟიდს, თეოდორე დრაიზერს და სხვ., რომლებმაც გმირულად აღიმაღლეს ხმა ჩვენი დიადი სამშობლოს დასაცავად.
ეს ლაპარაკობს რევოლუციური პროლეტარიატის სიძლიერის შესახებ, იმ იდეალთა ისტორიული სისწორის შესახებ, რომელთათვისაც ის იბრძვის.
ჩვენ გვიხარია, რომ საბჭოთა ლიტერატურის იდეურ-შემოქმედებითი პოზიციები აერთიანებენ არა მარტო [საბჭოთა კავშირის] საბჭოთა მწერლების ძირითად მასსას, არამედ...