შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-74 - 1933 წელი


71 ლექსი. 2 ლექსი.
№1.
რა არის საჭირო, რომ ოთახში ცოტად თუ ბევრად კულტურულად იცხოვროს ადამიანმა
რა თქმა უნდა, მე არ ვლაპარაკობ ფუფუნებაზე, მე ვლაპარაკობ კულტურული ადამიანისათვის აუცილებელ საჭიროებებზე - მინიმუმზე. მე ვლაპარაკობ ოთახის განწყობილებაზე, მის იერზე, მის გამოსადეგობაზე [და] ხელოვანისათვის.. მე მაქვს ერთი ოთახი. უკეთესი გარემოებების დროს, თუ ფული იქნა, შეიძლება იქნეს ორი. ბინაში არის ელეკტრონის განათება, წყალი, ვანნა და სხვ. ეს არის მისი ღირსება. ოთახს აქვს ბევრი ნაკლულევანებები, რომლებიც ცოტად თუ ბევრად შეიძლება დაძლეულ იქნას.
წყალი - უდიდესი საქმეა ბინაში. იგი შესაძლებლობაა ჰიგიენის უკეთეს დონეზე დასაყენებლად. არის წყალი, მაშასადამე, არის: 1. ჩაი დილითა და საღამოთი. 2. რეცხვა მცირე სარეცხების. 3. ბანა ფეხისა ყოველი დილით და ყოველი საღამოთი. 4. წყალით დაზელვა (натирание) დილითა და საღამოთი. 5. თავის ბანა კვირაში ორჯერ. 6. ვანნა ყოველდღე. 7. იატაკის წმენდა ყოველდღე. 8. მინების გარეცხვა კვირაში ორჯერ. 9. მხოლოდ გადადუღებული წყალის სმა ყოველთვის. 10. თეფშებისა და ჭიქების რეცხვა ყოველ საღამოს. 11. წყალის გამოცვლა ყვავილებისათვის ყოველდღე. 12. ერთგვარი სიგრილეა (განსაკუთრებით ზაფხულში) ოთახში. 13. ხილეულის უსათუოდ გარეცხვა ყოველთვის. 14. წყალი იძლევა სოველ ჩვარს მაგიდისთვის, საწოლისთვის, სკამისთვის, ფანჯრის მოაჯირისთვის, კარებისათვის, ჩარჩოებისათვის, სამელნისათვის, საფერფლესათვის, კალმისტარებისათვის, წყალი გეხმარება კბილების რეცხაში, ფრჩხილების სისუფთავეში და სხვა და სხვა. წყალი უმთავრესია ფიზიკური არსებობისთვის, უმთავრესია ჰიგიენური არსებობისათვის. მაშასადამე - წყალი არის.
ელეკტრონი  - არის 50 სანთლიანი. როგორ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ელეკტრონი სინათლის გარდა? ოთახს აქვს კიდევ ორი მარაგი საელეკტრ. შტეპსელისთვის. 1. განათება ოთახის. 2. შტეპსელი საღამო ხანის მეცადინეობისათვის. 3. ელეკტრონული უთო - საუთავებლად. 4. ელეკტრონული ასადუღებელი. 5. ელექტრონის ვენტილიატორი, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებით ზაფხულში. 6. ელეკტრონული თმის გასაშრობი და სხვ.
ჰაერი. ჩვენი ოთახი არის 6 კვ. მეტრისა. ჰაერი - არაა საკმარისი - მით უმეტეს, რომ ფანჯრების დაღების დროს ოთახში შემოდის მტვერი, რომელიც ძალიან ბევრია აივანში - იქ ანტი-Hჰიგიენური მდგომარეობის გამო (ჩვენი ფილტვები უფრთხიან მტვერს ისე - როგორც არაფერს სხვას). ფილტვები უმთავრესია. ჰაერი საღი და საკმარისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაკავდება აივანი და ამით დაცული იქნება ოთახიცა და აივანიც მტვრისგან. ჩვენი ბინა მესამე სართულზეა. მზე მთელი დღე არის. აივანი მიმართულია სამხრეთისაკენ. ეს გარემოება აადვილებს ჰაერის სისაღის საქმეს. 1. ფანჯრები დღითა და ღამით ღია უნდა იყოს, თუ სიცხე არ არის. ფანჯრები უსათუოდ ღიად უნდა იყოს. აივნის გადაკავება მოასწავებს: 1. სისუფთავეს პირველი ოთახისას, 2. ფანჯრების ღიად ქონების საშუალებას, 3. ჰაერის დონის გაფართოებას, 4. [და] შედარებით მყუდრო, დამოუკიდებელი ბინის არსებობას, რაც აუცილებელია, 5. ქვეშსაგებისა და ტანისამოსის ყოველთვის გამზეურებას.
წიგნის შკაფის შესახებ.  ჩემი წიგნის შკაფი ანარქიულ მდგომარეობაშია. ამის გამო მე თითქმის ვერ ვსარგებლობ მითი კულტურულად. არეულია ხელნაწერები და წიგნები. წიგნი - ჩვენს ცხოვრებაში იგივეა, რაც წყალი, ელეკტრონი, ჰაერი და სხვა. რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ წიგნით სარგებლობა შეიძლებოდეს? 1. უნდა დანაწილდეს წიგნები დარგებად: I. პოეზია რუსული და ქართული. II. პროზა - რომანები და მოთხრობები. III. ჟურნალები - რუსული და ქართული. IV. კრებულები. V. პოლიტიკური, ეკ. და სხვა წიგნები. 2. უნდა შედგეს ამ წიგნების საერთო კატალოგი. 3. უნდა შედგეს ცალკე კატალოგი - კრებულებსა და ჟურნალებში მოთავსებული მასალების შესახებ. ამ კატალოგში ცალკე კატეგორიებად შევა დარგები: ა. ლექსები, ბ. მოთხრობები და რომანები, გ. კრიტიკ. წერილები და სხვ. 4. წიგნის შკაფში არ შეიძლება იყოს საჭმელი, თეთრეული და სხვა და სხვა პატარა ნივთები, რომელიც ხელს მიშლის. 5. გაზეთები, რომელსაც მთელი ქვედა სართული უჭირავს, უნდა დაიკეცოს ისე, როგორც საჭიროა და დალაგდეს. 6. ხელნაწერები უნდა გადარჩეულ იქნას: პოეზია, პროზა, წერილები. დღიურები ცალკე, შენიშვნები ცალკე. 7. გაზეთები - საზოგადოთ, არ შეიძლება წიგნის შკაფში (საზოგადოთ, საჭირო არაა გაზეთების შენახვა: გამოსადეგი და საინტერესო მასალა ამოიჭრება მაკრატლით და შეინახება ცალკე რვეულში - ან ცალკე ამისთვის მიჩენილ პაპკაში). უნდა შენახულ იქნას მხოლოდ ჟურნალები. საერთოდ ყოველი საჭირო წიგნი მომენტალურად ხელთ უნდა გქონდეს. უსაჭიროესი წიგნები - ყდაში უნდა ჩაისვას. მაგიდაზე არასდროს არ უნდა ეწყოს ზედმეტი წიგნები, არც რაიმე ზედმეტი ნივთი, რაც ხელს უშლის მუშაობას - რადგან ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თავისი დანიშნულება. მაშასადამე - წიგნის შკაფი არის: საჭიროა წიგნები და კიდევ მეტი წიგნები.
საათის შესახებ. საათი აუცილებელია: 1. ზუსტად გამოანგარიშება მუშაობის დროის. 2. დაწესებულებებში ყოფნის დროის. 3. დასვენების, ძილის, თეატრში წასვლის, კლუბში ყოფნის, საერთოდ ნორმალურად დროის განაწილების: რამდენი დრო უნდა მოხმარდეს [ძილს] ამა თუ იმ საქმეს. საათი კულტურული ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია. საათს მოაქვს აურაცხელი სარგებლობა - ჯანმრთელობისათვის, მორალისათვის, ეთიკისათვის, და სხვ. და სხვ. იგი შესაძლებლობას იძლევა მათემატიკური სისწორით და მიზანშეწონილობით გამოიყენო თვითეული წამი სიცოცხლის, რაც აუცილებელია ჩვენს ტეხნიკისა და მეცნიერების ხანაში. სიტყვა "რომელი საათია" - არის მოწოდება მოქმედებისაკენ და ბრძოლისკენ. თვითეული წამი თავის ცხოვრებისა ადამიანმა სწავლას, ბრძოლასა, წინსვლას უნდა მოახმაროს. საათი უნდა შეძენილ იქნას.
პაპიროსის შესახებ. ეს საკითხი ჩვენი ოთახისთვის მწვავე საკითხია. პაპიროსი: 1. მავნებელია ფილტვებისათვის ნიკოტინით. 2. სწამლავს, აგუბებს ჰაერს ოთახში. 3. ანაგვიანებს ოთახს ფერფლითა და ნაწვავებით.4. სპეციფიური სუნით ჟღენთავს თვითეულს საგანს ოთახში. 5. უმიზნო მატერიალურ ხარჯში აგდებს ადამიანს. 6. უკარგავს ჭამა-სმის მადას, უშფოთებს ძილს, ნერვიულად ხდის მას.
საჭიროა: 1. ნორმის დაცვა პაპიროსის წევაში. 2. მუდამ ღია ფანჯრების ქონა. 3. დიდხანს არ უნდა გაჩერდეს ოთახში პაპიროსის ნამწვავები.
კიდევ რა არის საჭირო? ჩვენი ოთახისათვის საჭიროა: 1. ქეჩა - საწოლთან. 2. კუშეტკა. 3. ფოსტლები. 4. მტვერის გადასაწმენდი. 5. რადიო. 6. ტელეფონი. 7. გაზეთები ყოველდღე. რამდენიმე ჟურნალი. 8. მოსამსახურე. 9. სელის დასასვენებელი სკამი. 10. საკ. სატუალეტო მაგიდა. 11. ფარდები აივნისათვის. 12. ქაღალდის ჩასაყარი კალათი. 13. ერთი მუსიკალური ინსტრ. (პატ. ფორტეპიანო). 14. პაპკები გაზ. ამონაჭ. და ხელნაწერებისათვის. 15. სკამები. 16. სურათები. 17. ხალათი საოჯახო.

რა ეღირება დაახლ. ყოველივე ეს?
შტეპსელი - 10 მ., ელ. უთო. - 5, ელ. ასადუღ. - 5, ვენტილიატ. - 5, თმის გასაშრ. - 5, აივნის გად. - 50, მინების ჩასმა - 10, საათი - 25, ქეჩა - 10, რადიო -10, ტელეფონი - 20, გაზეთები - 10, მოსამსახ. - 10, სელის სკ. - 25, ფარდები - 10, ქაღ. კალ. - 1, მუს. ინსტ. - 25, პაპკები - 1, სკამები, სურათ., ხალათი. სულ 230 მან.
საჭიროა: 1. წიგნის ეტაჟერკა. 2. ფარდის მსგავსი რამ მინებისათვის. 3. ფეხის დასახოცი. კუშეტკა. მაგიდა. ვენტილიატორი. ელეკტრონის ლამფოჩკები. შტეპსელი. კედლის საათი.
Штепсель. სკამი. მაგიდა. სარკე.

*
მოსკოვი, კრემლი, ლენინგრადი, სმოლნი, უკრაინა, ბელორუსია, აზერბეიჯანი, სომხეთი, აფხაზეთი.

[მე დავიბადე.]
Прилягу я там. [Прилягу я где?] Туттт. 1893 + 40 = 1933.

*
ამერიკა ჩემი ბავშობის დროინდელ წარმოდგენაში არ გასცილებია მსოფლიო [გეოგრაფიულ რუქაზე] გლობუსზე აღნიშნულ ზღვის მწვანე ჩარჩოში ჩასმულ ორი მორიელის მსგავს გეოგრაფიულ ტერიტორიას. მისისიპი, ორინოკო, და სხვა უდიდესი მდინარეები. ამერიკა სხვამხრივ იყო კიდევ საინტერესო, იქ სცხოვრობდა, მაშასადამე, ოდესმე ისეთი ხალხი, რომელიც აწერილი აქვს ფენიმორ კუპერს. უკანასკნელი მოგიკანელი. ამერიკა გაცოცხლებული იყო ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხით“. 1880 წელს გამოცემულ ქართულ კალენდარში მოთავსებული იყო [სურათები პავილიონების] ამერიკაში გამართულ მსოფლიო გამოფენის პავილიონების სურათები. როდესაც ძველი „კვალის“ კომპლექტებს ვათვალიერებდი [იქ იყო] (ეს იყო ბავშობის დროს), იქ ვხვდებოდი ქაღალდისგან დახატულ სასახლეებს, წერილებს პანამის არხის გაყვანის დროს [ჩა] აღმოჩენილ გაუგონარ, აღმაშფოთებელ უმსგავსოებაზე; და რაც უმთავრესია, მშვენიერს წერილს თომას ედისსონზე (პირველი წერილი ქართულად ედისსონზე მოთავსებულია „კვალი“-ს ნომერში 1893 წელს. წერილი ეკუთვნის გ. წერეთელს). ამ წერილში დამაჯერებელი გულწრფელობით იყო აწერილი ცხოვრება ამ უდიდესი ადამიანის, რომელიც ეხლაც ცოცხალია.. მაშა! მაშა! ორმოცი წლის წინად ჩვენში აღტაცებული წერილი იყო თომას ედისონზე, და წერილი ეკუთვნოდა ისეთ მოწინავე პიროვნებას, როგორიც იყო გიორგი წერეთელი. შემდეგში წარმოდგენა ამ ქვეყანაზე შეივსო ედგარ პოს უკვდავი ყორანით, უოლტ უიტმანის ლექსებით (ვარ უიტმანი და ვარ კოსმოსი, ჩემი სამშობლო მანგატანია).
კვალის იმავე წლის ნომრებში მე შევხვდი მშვენიერ წერილს ქრისტეფორ კოლუმბის მოგზაურობისა და ამერიკის აღმოჩენის შესახებ. პირველად [მაშინ] იქიდან გავიგე, [რომ] თუ რატომ არა ჰქვია ამერიკას მისი აღმომჩენელის, კოლუმბის სახელი, არამედ მეორე მოგზაურის, ამერიგო ვესპუჩის სახელი. როგორ ცრემლებსა ვღვრიდი კოლუმბის საზარელ ბედზე, ესპანელის დედოფლის იზაბელას გულგრილობაზე. [როგორი უსიამოვნებით] ასეთია ბედი ყოველი აღმომჩენელის, ყოველი გამომგონებელისა დღესაც ამერიკაში. აღმოაჩინა ხომ ერთმა უდიდესმა ადამიანმა რადი. ეხლა კი მას საშუალება არ ეძლევა რამდენიმე გრამი იშოვოს [თავისი] მის მიერ აღმოჩენილ ნივთიერების, რომ განაგრძოს თავისი ნაყოფიერი დაკვირვებანი ამ საგანზე. ბურჟუაზია აქაც თავის კლასსიურ დაუნდობელ სახეს იჩენს, მისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს [მეცნიერება] მეცნიერი, მისთვის უმთავრესია ფული. „ადამიანები იღუპებიან ლითონისათვის“ - არსად ეს დებულება ისე არ მართლდება, როგორც ამერიკაში. პირადათ რომ მე აღმომჩენელი [ან გამომგონ.] ვიყო, მთელი ჩემის ენერგიით დავფარავდი ჩემს იმ აღმოჩენას, რომლითაც შემდეგ მილიარდერები ისარგებლებდნენ.

ეს შენიშვნა დაწერილია 1933 წ.