შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მაკ-დარა გრძნობდა...


მაკ-დარა გრძნობდა, რომ მის თავზე მალე რაღაც უბედურება უნდა დატრიალებულიყო. რაღაც საშინელი, აუცდენელი, საბედისწერო წამი. სწორედ ამის გამო ის იკრებდა მთელ თავის ძალ-ღონეს, მთელ თავის ენერგიას და ნებისყოფას კლდესავით დახვედროდა ამ უბედურებას. იგი ამხნევებდა [მეგობრებს, იგი] თავის თავს[აც] [მოუწოდებდა] აგონებდა ატანას, თუმც სრულიად არ მოელოდა არავითარ ხსნას, არსაიდან გადარჩენის იმედი არ იყო. სრულიად არსაიდან. ერთადერთი გზა მისთვის იყო მხოლოდ ბოლომდეს მოეთმინა ყოველივე.. ატანა, ატანა. ეს არის ღუზა, რომლითაც უნდა გადარჩეს ამღელვარებულ ზღვაზე ხომალდი. რამდენი არაჩვეულებრივი და საშინელი შემთხვევები გადაუტანია მაკდარას - თავის სიცოცხლეში, ყოველთვის და ყოველგან - მისი ფიზიკური მდგომარეობა იტანდა ათასგვარ გაჭირვებებს და ეხლაც უნდა გაუძლოს. მაგრამ ყველაზე საშინელი მისი მარტოობა იყო. მერე როგორ იტანდა ამ მარტოობას, როგორის დაუღლელობით, რა გასაოცარი მოთმინებით, და მუდმივობით ებრძოდა იგი თავის მტრებს ამ მეტად ძნელსა და მძიმე ასპარეზზე, ვერ დაემალა იგი ადამიანების ცილისწამებასა და გაბოროტებას.. ვერ დაემალა მახლობლებს, რომლებიც ყოვლად უსინიდისოდ და უაზროდ აყენებდენ შეურაცხყოფას მის სახელს, პირველად ეს ცილისწამება მეხივით დაეცა მის თავს, მაგრამ მან საოცარი მოთმინებით გადაიტანა [ეს] სირცხვილის ლაქა, მოყენებული ცილისწამების მიერ. მაგრამ იგი ეხლა გაურბოდა ხალხს, იგი ჩაიკეტა თავის თავში, გაველურდა, გაუდაბურდა.
ეხლა მთელი ქვეყანა მისთვის იყო ველური, [უდაბური] უწყლო და უნაყოფო უდაბნო. მთელი ქვეყანა მის თვალში წარმოადგენდა აუტანელ სიცხესა და გვალვას, მთელს ქვეყანაზე სჭკნებოდენ და ხმებოდენ ბალახის ფესვებიც კი. მაკდარა სულიერად ეცემოდა. აი, ამ უდაბნოში, ამ სიცხეში დასახლებულია უზარმაზარი გველვეშაპი, უუძველესი მტერი კაცობრიობის, რომელსაც არ ესმის ადამიანური ხმა, რომელიც რაღაც ზღაპრული ალქაჯის ნებისყოფის ქვეშ იმყოფება. იგი ხათქანით აპობს ქვებს, ეს სიცალიერე, ეს უდაბნოს სული.
მთელი ქვეყანა გახდა უდაბნო - მოყვარული [მდუმარებისა] დუმილისა და მარტოობის.
მაგრამ ყოველივე ეს უნდა აიტანოს ადამიანმა!

[1920-იანი წლები]