შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 27


ძმაო გალაქტიონ!

ღამის 12 საათია. ესეც არის გაკვეთილები გათავდა... შემდეგ კრება იყო მუშფაკელების და მოვედი ოთახში. გაზეთებს ვათვალიერებ... დიდი ამბებით შეხვედრიან რუსეთის მწერლებს... შენ არ ხარ... რაშია საქმე? შენი ხმა მძლავრი უსათუოდ უნდა გავიგონოთ „ვეფხისტყაოსანზე“, ეს უნდა გაიგონონ საზეიმოდ ჩამოსულმა სტუმრებმაც... შენ არ ხარ პატარა კაცი და რატომ უნდა სდუმდე?
აბა, ჩემო გალაქტიონ, შენებურად ვეფხივით დატრიალდი და ლამაზ მარგალიტებად ჩამოსხმული სიტყვებით აღადგინე შოთას სახე და ქაჯების შემმუსვრელთ ქება შეასხი.
ყოველდღე ველი და ვიცდი...
მე ვფიქრობ, ამ არდადეგებზე ასე 3 ან 4 იანვარს ჩამოვიდე. შეიძლება დავრჩე 4-5 დღე. აბა, გეგმა შეადგინე: რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა ვიყიდოთ?.. ჩამოვალ აუცილებლად დილით. 3-ჯერ დავაკაკუნებ...
შეიძლება არც ხარ მანდ, მაშინ მეორე დღესვე გამოვბრუნდები.

აბესალომი

მუდამ გახსოვდეს: ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, თავს მოუფრთხილდი...

25. XII. 1937 წ.