შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 3


ძვირფასო ძმაო გალაქტიონ!

ვისურვებ შენს კარგათ ყოფნას; გარდა ამისა, მე კარგათ ვარ.
შენგან მოწერილი წერილი მივიღე. მივიღე და ისე გავცეცხლდი, რომ იქავე მინდოდა დამეხია და მიმებნია წაუკითხავად. ბიჭო, სხვას რომ სწერ, ვრცელი წერილი გამომიგზავნეო, ძალიან კარგი იქნება, თუ დახურულს გამოაგზავნიო და სხ., შენ თავს რათ არ ეტყვი: კარგი იქნება, მეც თუ ასე მოვიქცევიო. მე თუ მოწაფე იმ ფულიდგან, რომელსაც ათას საჭიროებისათვის გამომიგზავნიან, იმდენს ვინარჩუნებ, რომ ასე ხშირ-ხშირად წერილს გიგზავნი, შენ რაღა გემართება? თუ ფული გაკლია? ამისთვისაც მე გამოგიგზავნო ფული? ეხ, რას იზამ კაცი!
წერილი გამოაგზავნე კარგი, ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკი რა ამბავია? იწერები, რომ „კოლხიდის“ რედაქციასთან შეტაკება მომივიდაო. დიდი ამბავი იქნებოდა, ისიც მოგეწერა, თუ რამ გამოიწვია ეს განხეთქილობა, რაზედ შედგა ეს ამბავი? ყოველივე ეს, ხომ იცი, მე ძალიან დამაინტერესებდა და შენ, აბა, მითხარი, ამითი რა დაგაკლდებოდა. იწერები, ჯამაგირი აქ უმფრო მეტი მაქვსო. კარგი ტაკტიკაა, ფული არ მომთხოვონო, მაგრამ ვინ გთხოვს? მე მხოლოდ გამიხარდებოდა, რომ მოგეწერა, თუ რამდენს გაძლევენ. სწორედ ისე, როგორც მიხარია შენი კარგათ ყოფნა, ჯანმრთელობა და წინ-სვლა.
თავი და თავი ის არის, რომ ერთხელაც არ მოგიწერია ნამდვილი პასუხი ჩემს წერილზე. არ ვიცი, გავიწყდება და, არ ვიცი, ყურადღებას არ აქცევ იმას, რასაც გწერ. თუ გავიწყდება, რატომ წერილის მოწერის წინ ერთს არ გადაიკითხავ ჩემგან მოწერილს წერილს და თუ ყურადღებას არ აქცევ, ძალიან შემცდარი ხარ, რადგან ეს საკითხი, რომელზედაც მე გწერდი, ძალიან საყურადღებო საგანია.
ამდენი საყვედურის შემდეგ, იმედია, შემირიგდები. მაშ, შევრიგდეთ. აბა, ეხლა მაინც მოიწერე წერილი. ღია არ იყოს, რადგან სანამდის ჩემთან მოვიდოდეს წერილი, ხუთის, ექვსის ხელში უნდა გამოიაროს. მოიწერე რა აზრისა ხარ იმაზე, რომ გწერდი, ე. ი. მასწავლებლობაზე. ხომ იცი, გაისად სალდათათ ხარ და რომ სალდათათ წაგიყვანონ, ხომ უბედურებაა. რა იცი იმის შესახებ, ჩვენ სოფელში რომ ადგილი იხსნება? ეხლა, მე მგონია, ადგილს იშოვი, თუ მოისურვებ. კი, მართალია, მასე უმფრო კარგი იქნება შენთვის, მაგრამ შემდეგისათვის უნდა იზრუნო. სახუმრო საქმე ხომ არ არის? შენ კი ამაზე სიტყვასაც არ მწერ. შეიტანე თხოვნა, იქნებ სამინისტრო შკოლაში მოგცენ ადგილი, თუ სასულიეროში ვერ იშოვი. ამის შესახებ ყოველივე დაწვრილებით მომწერე. მომწერე, გალაქტიონ, ისიც, კიტა აბაშიძის წიგნზე ხელი მოაწერე თუ არა? ან ქვარიანისაზე.
სხვა, დედასაგან წერილი მივიღე. იწერება, კარგათა ვარო. შენ ხომ სწერ იმას წერილებს? სემინარიაში ახალი ამბავი მარტო ის არის, რომ ამ დღეებში აქ ეკონომს დაეცენ ყაჩაღები და დიდი ფაცა-ფუცი იყო. ფული ვერ წაიღეს. ვეჩერისათვის დიდი მზადებაა. მაშ, წერილს ველი, ველი მოუთმენელად, მიღებისთანავე მოიწერე.
მშვიდობით, გალაქტიონ! ხომ არაფერი გწყენია?

შენი ძმა აბესალომი


P. S. მართლა, მეექვსე კლასმა სულ იმისათვის გამოვიწერეთ „კოლხიდა“, მეგონა, შენი ლექსები დაიწერებოდა შიგ. ეხლა ვნანობ! სულ ჩემი თავობა იყო. ეხლა მნათობში ბეჭდავ? თუ სად? თემში, ხომ იცი, იბეჭდება „მწყემსი“. გაგრძელება ეხლა იყო ორშაბათს.
აბა, ეცადე ადგილზე იშოვო რამენაირათ.
„მნათობში“ თუ ბეჭდავ ლექსებს, ხომ იცი, „ნაფიცი კრიტიკოსები“ გაგიწყრებიან. გალაქტიონ, კითხულობ რამეს თუ არა? სამუშაო ბევრი გაქვს? ან თუ გაქვს თავისუფალი დრო? მოიწერე ყოველივე. ორი წლის განმავლობაში, წერილი რომ ჰქვია, ასეთი წერილი არც კი მიმიღია შენგან. ასე ძამია, წერილის წერა კიდეც გადაგავიწყდება.
ჩვენ სოფელში თუ მართლა ორ-კლასიან შკოლას ხსნიან, ითხოვე, გალაქტიონ და მერე, მე რომ გავათავებ, მე დავდგები და შენ სხვა ადგილს იშოვი.

22. XI. 1911.