შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომს - გალაკტიონი - 6


ძმაო აბესალომ! შენი უკანასკნელი წერილი მივიღე და მეტისმეტად გახარებული დავრჩი. საქმე, როგორც შენი წერილიდან სჩანს, ძლიერ კარგად არის, ამაზე უფრო კარგი, აბა, რა უნდა იყოს: სახლი გადმოტანილია, დადგმულია, თითქმის მოწყობილია. თუ მოუწყობელია ჯერ კიდევ, ეგ არაფერია (შენ, რა თქმა უნდა, როდესაც სახლი გადმოგქონდა, მხედველობაში მიღებული არ გქონია როიალი, მხატვრების ძვირფასი სურათები, ვაზები, ძვირფასი წიგნის შკაფები, ნოხები, ხალიჩები და სხვ. და სხვ. და სხვ.), უმთავრესი ისაა... სახლი. ეხლა შეიძლება, მაშასადამე, მიწის იატაკის მაგიერ ცოტა მშრალი ადგილი იგრძნო ფეხქვეშ. და მე ძალიან მიკვირს, რისთვის ეს ზამთარი ისევ ძველ სახლში გაატარეთ და არა იქ, სადაც უკეთესი იყო. ეს დიდი შეცდომაა. დედამიწის ზურგზე კაცი არაა, რომელიც ისე მოწყობილიყო, როგორც მას უნდოდა. საბოლოოდ მოწყობას როდი უნდა უცადო. კვალ-და-კვალ უნდა ისარგებლო. თვითეულ ზამთარს მიაქვს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ, ჩემის აზრით, რაც შეიძლება, დააჩქარე სახლის მოწყობა ისე, რომ სამარცხვინო არ იყოს და სწრაფად გადადი შიგ საცხოვრებლად. შენ მე არ მწერ, თუ რა ისეთი რამ აკლია სახლს, რომ შიგ ცხოვრება შეუძლებელი იყოს.

[1934-1935 წლები]