შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ორად გაიპო წითელი კლდე...


ორად გაიპო წითელი კლდე, ავარდა რაში,
წითელი რაში, წითელი გზით, წითელ უნაგრით,
წითელი ალით გაედევნა კაცი მირაჟი,
ის, შემოსილი გრძელი თმების წითელი ძაგრით.
მოახტა მერანს, გაიარა სისხლივით შარა,
აჰა, გამოჩნდა ზღვა წითელი - როგორც მარჯანი,
შუა გააპო წითელი ზღვა,
ჩაჰყო მის გულში სისხლისფერი ხის ყავარჯენი
შემდეგ სიცილით ამოიღო წითელი გველი
და წითელ ცაზე გადაშხვართა უზარმაზარი.
ციდან წვეთწვეთად მოდიოდა შხამები მწველი,
და მძლავრდებოდა დედამიწის ოხვრა საზარი.

შემდეგ გაიპო ცისფერი კლდე, გამოჩნდა რაში,
ცისფერი რაში - ცისფერი გზით, ცისფერ უნაგრით.
ცისფერი ალით გაედევნა ლურჯი რიჟრაჟი,
ლურჯი ხელებით, ლურჯი ღვინით, ლურჯი მინანქრით.
მოახტა მერანს - გაიარა შარა ცისფერი,
აჰა, გამოჩნდნენ ცისფერი ზღვის ლურჯი ფარჩანი -
შუა გააპო ცისფერი ზღვა - როგორც სიზმარი,
ჩაჰყო მის გულში ლილისფერი ხის ყავარჯენი,
შემდეგ სიცილით ამოიღო ცისფერი გველი,
და ცისფერ ცაზე გადაწვართა უზარმაზარი.
ცას სილაჟვარდე ედებოდა ცივი და ნელი,
და ლურჯდებოდა დედამიწა, როგორც ტაძარი.

შემდეგ შავი კლდე გაიბზარა: ავარდა რაში,
შავი მირაჟი, შავ ფაფარით - შავი უნაგრით,
შავი თვალებით გაედევნა შავ კამარაში,
დაუშვით ფარდა, გზა ჩაკეტეთ, ცეცხლი ჩააქრეთ!
მოახტა მერანს, გაიარა რა შავი შარა,
აჰა, გამოჩნდა შავთა ზღვათა სხვა დანარჩენი,
შუა გააპო მან შავი ზღვა და ააჩქარა,
ჩაჰყო მის გულში ღამისფერი ხის ყავარჯენი.
შემდეგ სიცილით ამოიღო მან შავი გველი
და შავსა ცაზე გააწვინა, ვით ბნელი ცქერა,
იყო დუმილი ქვეყანაზე ცივი და ძველი;

ეს იყო მხოლოდ მოჩვენება და ეFემერა.

[1925]