შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რამდენჯერა ვთქვი...


რამდენჯერა ვთქვი, თუ ვისთვის მინდა
სევდიან სიმთა მწუხარე ჟღერა,
რამდენჯერ იჭვი მეწვია წყნარი,
რამდენჯერ ხელში ავიღე ქნარი,
რომ დამემსხვრია და არ მემღერა.

ამ დროს მწყუროდა, რომ მიმემალა
ჩუმი ქვითინი და სიმთა წკირა...
ხალხისთვის, ჩემი რაც ძლევას ჰქმნიდა -
ჩემი ოცნება და წმიდათ-წმიდა,
დაუბრუნებლად, მთლად შემეწირა.

მეც ვშთანთქმულიყავ მწყრალ ჟრიამულში,
მომეკლა სულის ვედრება წრფელი...
მაგრამ სიმღერის გადავიწყება,
ჰანგთა დამარხვა და დამიწება
ვერ შევიძელი, ვერ შევიძელი!..

სიმღერავ, უხმე დაღლილთ, დაქანცულთ,
აჩვენე ცეცხლში ნაწრთობი გული,
დაე, ისმენდენ ჰანგს დაუცხრომელს,
დაე, იცოდენ, რომ ყოფის მგმობელს
მათდამი კიდევ აქვს სიყვარული!

[1914 წლის ივნისამდე]