შუალედი - დან - მდე
 
 


ზვირთები რბიან


ზვირთები რბიან. მკაფიოდ ისმის
მათი დუდუნი მშვიდი და წყნარი,
ასე ისწრაფვის ჩვენი ცხოვრების
უმჩნევი წამი სხვადასხვაგვარი.
ზვირთები სივრცეს უერთდებიან,
ზღვის ნაპრალებში გააქვთ თარეში,
ასე ინთქმება ჩვენი ცხოვრება
საუკუნეთა სიმწუხარეში.
ვაი მას, ვისაც არ ასვენებდა
ქვეყნიურ ვნებათ და ფიქრთა გროვა,
ვისაც აქ სურდა ბედნიერება,
მაგრამ ნუგეში ვერსად იპოვა.
საუკუნეთა შორი გრეხილი
ზრახვათა იმათ გადაავიწყებს,
გადაავიწყებს, რომ ნირვანაში
სამაგიერო არარა მისცეს.

[1914 წლის ივნისამდე]