შუალედი - დან - მდე
 
 


ფოსტა


[გაზელა]
ფოსტა

ტფილისი. N. N-ს.

რედაქციისადმი წერილში თქვენ გაინტერესებთ გაზელა. გაზელა - როგორც ფორმა ეკუთვნის სპარსეთის პოეზიას, და ითვლება მის ერთ დამახასიათებელ ფორმად: მთელი პოეზია სპარსეთისა - განსაკუთრებით მეორე პერიოდი (1106-1203), ერთი განუწყვეტელი დიფირამბია უნაზესი გრძნობების, იგი ასეთი იყო დიდი ხნიდან, და ეძებდა ფორმას, რომელიც ყველაზე უფრო შეძლებდა გამოხატვას ამ გრძნობებისას. როდესაც სპარსელები ლაპარაკობენ საზოგადოთ მათი პოეზიის და კერძოთ გაზელის წარმოშობის შესახებ, ისინი უჩვენებენ სასანიდების დინასტიის ერთ სახელგანთქმულ წარმომადგენელზე, ბეჰრამგურაზე, რომელიც შემდეგ მთელ აღმოსავლეთში შეიქმნა იდეალი რაინდის, მონადირისა და გულთა მხიბლავის. მან, როგორც ამტკიცებს გადმოცემა, პირველმა მოიგონა მეტრიული სიტყვა. ამის მიზეზი იყო მისი საყვარელი მონა-ქალი - სახელად დილარამი (გულის  სიმშვიდე). [ქალი] აღფრთოვანებული ღრმა სიმპატიით, თავისი ბატონის პოეტურ სიტყვებზე იგი უპასუხებდა ბოლო სიტყვების თანაბარი ახმოვანებით. განა წარმოსადგენია ამაზე უფრო უმშვენიერესი წარმოშობა პირველი ლექსისა და გაზელისა?
საკმარისია ზოგიერთი სახელის ჩამოთვლა: ჯალალ-ედინ-რუმჲი, ნიზამი, ომარ ხეჲამი, საადი - სავსე პეშვებით ისვრიან აელვარებულ მარგალიტებს გაზელებისას.
[საუკეთესო პოეტი სპარსეთისა] შვენება შირაზის პოეტი ჰაფიზი (1300-1389) [ყველაზე უფრო] მსოფლიოში განთქმული ლირიკოსი, რომელიც გავლენას [ჰქონდა] ახდენდა ევროპის ლიტერატურაზე[დაც], და რომლის გავლენის ქვეშ დასწერა გიოტემ თავისი „დასავლეთის დივანი“ (ამ წიგნს ტეოфილ გოტიე უწოდებს „ოაზისს, სადაც [რაკრაკებს] რეკავდა ქნარი“) იყო უდიდესი პატრიოტი გაზელის. გიოტეს შემდეგ მთელს გერმანიას მოეფინა სასიყვარულო ლირიული ლექსები - „გაზელების“ სახელწოდებით, რომლებიც ხშირად შეცდომით იწოდებოდენ გაზელებად: მათში დაცული არ იყო ის თავისებურება, რომელიც სპარსულმა პოეზიამ დააკანონა გაზელისათვის. ასეთი ხშირი შეცდომებისთვის გერმანელი პოეტი კარლ იმმერმანი (1796-1840) ეპიგონი რომანტიზმის, ცნობილი პლატენთან კამათით, [ასე] მწარედ დასცინის გაზელის მწერლებს: „Von den, Frtten bem Chiras etellen“ [და სხვ.].
საქართველოშიაც გაზელის მსგავსად დაიწერა ძალიან ბევრი ლექსი ([მაგ.] ბესიკის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, საჲათნოვასი), მაგრამ მხოლოდ მსგავსად. არც ერთი ლექსი არ მოიპოება ქართულად „გაზელა“. გასაოცარია, რომ ჩვენში, სადაც ასეთი გატაცება იყო სპარსული პოეზიით ოდესმე, [ყურადღებას არ აქცევდენ იმ გარემოებას] არ არსებობდა ის გარემოება, რომ შესაძლებელი იყო გადმოღება უცხო ფორმის და იქ ქართული სულის ჩანერგვა. [იქცეოდენ სულ სხვანაირად: გადმოქონდათ], მაგრამ გადმოტანა სულის, ტემპერამენტის, და  ანგარიშის არ [უწევდენ] გაწევა ფორმასთან... უმთავრესად ასეთი იყო ძვირფასი ბესიკი, ასეთი იყო მეორე ხარისხოვანი საჲათნოვა. გაზელაში (რუსები შეცდომით ხმარობენ: გაზელლა) ერთი და იგივე სიტყვა ან გამოთქმა მეორდება [თვითეული] ყოველი მეორე სტრიქონის ბოლოში, რის გამოც იგი დაყრუებულია უნაზესი სენტენციებით. ეს განმეორება სიტყვებისა არის უმთავრესი დამახასიათებელი თვისება გაზელის, ჰიუისმანის გმირი [თავის] ცნობილ რომანში [„პირიქით“] „Наоборот“ [ასე სწერს გაზელის შესახებ:] უზომოდ აღტაცებულია გაზელით. უადგილობის გამო ვერ მოგვყავს ადგილები რომანიდან.


ზედმეტი რამ შელამაზება გაზელასთვის სავალდებულო არ არის, გარდა იმისა, რომ მას უნდა ჰქონდეს არა ნაკლები ხუთის და არა უმეტესი შვიდი ორსტრიქონიანი ტაეპისა. ამითი განირჩევა გაზელა სხვა სპარსულ წყობათაგან, როგორცაა მაგალითად „მესნევი", „ყასითი" და სხვ. აი, ნიმუში სპარსულიდან ნათარგმნი გაზელისა:
არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,
შენ მიყვარდი, [მაგრამ] მარა კარგი... არაფერია.

ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი,
ისევ მოვა დანაკარგი... არაფერია.

გაიშლება მწუხარება შეულეველი,
შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.

შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი
იყოს ჩემი სულის სარკე... არაფერია.

მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,
მეტი ძებნა... მეტი ბარგი... არაფერია.
[ფერადი წერი...].

[„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, 1, 1922 წელი]