შუალედი - დან - მდე
 
 


შუქი №1


1908 წ.
თბილისი. 9 ნოემბერი.

მზის შუქი ერთგვარი თავისებური მებრძოლია. ის მედგრად და შეუპოვრად აპობს სიბნელის ძალებს, გულის სიღრმემდე სწვდება მის საიდუმლოს, რომ შემდეგ შუაგულიდან გააპოს სულისშემხუთავი გულის მქენჯნავი ბნელი ატმოსფერა.
ჩვენი ახალი გაზეთი „შუქიც“ იმავ მიზნის განხორციელებას ეცდება. ეცდება, იცნოს, გააპოს და ოდნავაც არის, გაანათოს სიბნელით მოცული სემინარიის ატმოსფერა.. და თუ უკანასკნელი მისთვის შეუძლებელი შეიქმნა, ის კი შესაძლებელი იქმნება, რომ მოსწავლეებს დაანახვოს ეს ჯურღმული, ავი და კარგი გაარჩევინოს.
მაშ, გამარჯვება ახალს „შუქს“.
მაგრამ იცით, რა სიღრმის არის ეს ჯურღმული, ან ჩასწვდება მას ჩვენი „შუქი“ თუ არა?
ამბობენ, იყოვო ერთი დრო სემინარიაში, როდესაც ისიც (სემინარიაც)  თავისუფლებით სტკბებოდაო. სარგებლობაც, თურმე, ბევრი მოჰქონდა; მაგრამ ეხლა რას წარმოგვიდგენს სემინარია? ის მონების უღვთო უღელში არის გაბმული და საშინელ გულცივობით ეწევა ამ უღელს. უღელზე ოქროს ჯვაროსანი დასკუპებულა, თავს ბრჭყვიალა ლიტრა უმშვენებს.. და შეუბრალებლად ერეკება უბადრუკ სემინარიელებს.. ხედავთ, რა უბსკრულია?
მაგრამ გამცემლობა, ღალატი კიდევ უარეს ჯურღმულს წარმოგვიდგენს. იქ სანუგეშო და ოდნავ იმედის მომცემი არა მოიპოება რა.. ხედავთ იუდას, ხედავთ გამყიდველს, სემინარიის ფესვების ერთიანად გამომთხრელს? ოჰ, რა გულის გამგმირავი სურათია! ხედავ, პირდაპირ ხედავ, რომ ეს ვაჟბატონები, სრულიად დარწმუნებულნი თავიანთ ქველმოქმედებაში, მიისწრაფვიან, რომ ერთმანეთი დაღუპონ და ნაცვლად, მათ მოიპოვონ უფლება და პატივის-ცემა. ისინი რეკტორის წინ გამოშოლტილან და.. ყიდის, უგრძნობლად ყიდის სემინარიას!
ამაზე რას იტყვით, როგორი ჯურღმულია? ბევრი, ძალიან ბევრი მხარეები აქვს ამ ჯურღმულს, სიბნელე, გამცემლობა და ბატონობა მხოლოდ უმთავრესი მხარეებია. ამ მხარეებისგან ყველაზე უფრო იტანჯება ის, ესენი არიან მისი ერთგვარი ბატონები, ესენი არიან, რომ მიყავთ ის უფსკრულის კიდეზე, საიდანაც სურთ გადაჩეხონ ის.
ბრთხილად, სემინარიელებო!!..
„შუქი“ ეცდება აღნიშნოს ცალ-ცალკე ყველა მხარეები, გადაჭრილი გზით მისწვდეს სათითოოდ ყველას და საკადრისი პანღურიც ამოკრას!!
მაშ, ვეცადოთ, გავაუმჯობესოთ ორგანო, რომლის მიზანიც წმიდა და სპეტაკია, ვეცადოთ, ხელი შევუწყოთ მის გაძლიერებას, რომ უდროოდ არ განისვენოს „წიაღთა შინა აბრაამისასა“.
გა -

როდის ჩამოგვწვდება შუქი?

იტანჯებოდა, მაგრამ მაინც ელოდა...
სიცივით კანკალებდა კუთხეში მიკუნჭული გლახა.. ოხრავდა, „ოხ, როდის იქმნებაო“, ამბობდა ის...
როდის იქმნება.. საცოდავო, ვინ იცის, როდის ამოვა შენთვის დაბნელებული მზე, როდის გეღირსება „შუქი?“
შენა ხარ ეს, საცოდავო სემინარიელო, შენა ხარ სიბნელეში მიგდებული, მზის ნათელს მოშორებული.
შენა ხარ ის გლახა.
შენ ელი „შუქს“.
იტანჯები, საშინლად იტანჯები..

გა -

აკაკის იუბილეი

ქართველი ხალხი 30 ნოემბრისთვის ემზადება დიად დღესასწაულის გადახდისათვის: ეს აკაკის სალიტერატურო ასპარეზზედ გამოსვლის 50 წლის იუბილეი არის.
აკაკი ხალხის საყვარელი მგოსანია, მისი სულისკვეთების გამომხატველი. აკაკი განხორციელებული „ხალხის შვილია“, კარგად ესმის მისი ავი და კარგი. აი, სწორედ ამისთვის შეიყვარა ხალხმა აკაკი, სწორედ ამისთვის იგი ემზადება დიად ეროვნულ დღესასწაულის გადახდისათვის. დღესასწაულის გადახდას ემზადებიან სოფლები, დაბები, საზოგადოდ, პროვინციები და აქა-იქ სასწავლებლებიც. მაგ., ქუთაისის სათავადაზნაური გიმნაზია, როგორც  გაზეთები გვატყობინებენ, ემზადება, მონაწილეობა მიიღოს აკაკის იუბილეიში.
აქ გვებადება კითხვა: მიიღებს თუ არა სემინარია მონაწილეობას ამ ეროვნულ დღესასწაულში? უფრო მისადგომელია კითხვა - მიაღებინებენ თუ არა დღესასწაულში მონაწილეობას? ეს კითხვა მით უფრო შესაფერია, რომ საქმე სემინარიის რექტორზედ არის დამოკიდებული. მაგრამ იმედია, კომისია, რომელიც შემდგარია სემინარიაში იუბილეიში მონაწილეობის მისაღებად, მედგრად იმოქმედებს და რომელიმე მხრით ხელში დაირჩენს ნებართვას. ყველასათვის სასიამოვნო იქნება, რომ აკაკის საიუბილეო ისტორიაში თბილისის სასულიერო სემინარიაც იხსენებოდეს.
„შუქის“ ფურცლები სიამოვნებით დაეთმობათ წერილებს აკაკის შესახებ.

P. S. ეს წერილი უკვე დაწერილი გვქონდა, როდესაც მივიღეთ გაზეთი „წვეთის“ პირველი ნუმერი.. უსიამოვნო ამბავი, რომ კომისია ჯეროვანად ვერ მოქმედობს, სწორედ გასაკიცხია.
სრული გარანტია, რომელიც მოსწავლეებისაგან ჰქონდა მიღებული არჩეულ წევრებს, თანდათან ჰკარგავს მნიშვნელობას. ბ. ბ. წევრები, უკეთესად მოიქცეოდნენ მაშინ, როდესაც მათ ირჩევდნენ გამოეცხადებინათ, რომ ისინი ვერ შეასრულებდნენ მოვალეობას. თორემ დღეს, ლამის არის, სრულიად ვერ მივიღოთ მონაწილეობა იუბილეიში..
ეხლა კი კომისია მოვალეა, რომ საქმეს ერთგულად მოჰკიდოს ხელი! არ გამოდგება აქ „ჩვენებური“ „ძველებური“ დინჯობა.
მოქმედების დროს ისიც თვალწინ უნდა ჰქონდეს კომისიას, რომ შრომა ტყვილა არასოდეს არ დაიკარგება, და სასურველ ნაყოფს კიდევაც გამოიღებს.

გა -